ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს

საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკისგახსნის ღონისძიებას დაესწრო.

პრემიერის თქმით, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა“.

მოგეხსენებათ, დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე. ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი.

მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია.

მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში.

გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ.

თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე, გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს“, - განაცხადა პრემიერმა.