საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. ის პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს გამოეხმაურა, რომ „ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც სააკაშვილის საქმეზე „დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყო ჩართული.
„თურმე, ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად. მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 3 ივლისის სხდომაზე.
მისი თქმით, „ყველა ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით“.
„მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი, როგორ გავაკეთო.
თურმე, ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას და მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ.
ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპიაშვილო, შემომხედე კარგად! მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ,“ - აღნიშნა სააკაშვილმა ამავე ჩართვაში.
კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაში დისტანციურად მონაწილეობს. იგი პირველი თებერვლის შემდეგ პირველად ჩაერთო თავის სასამართლო პროცესზე. დღეს, 3 ივლისს, "7 ნოემბრის საქმე" განიხილება.
ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, პროცესამდე შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალებას არ აძლევს, ამიტომ დისტანციურად დასწრების სურვილი გამოთქვა.
„7 ნოემბრის საქმეზე“ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.