შავი ზღვის წყლის ხარისხის შემოწმების შედეგები ცნობილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა.

„როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებს. კვლევების შედეგად ისაზღვრება ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო 26 ივნისს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე შეამოწმებდა.