Frontex-მა (ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო), საქართველოს შსს-თან სამუშაო შეთანხმება განაახლა. ინფორმაციას ევოკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
“2008 წელს - ათწლეულზე მეტი ხნის წინ - ხელი მოეწერა პირველ სამუშაო შეთანხმებას Frontex-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ საზღვრების დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას და სხვა ზოგად გამოწვევებს, რომლებიც კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს”, - განაცხადა Frontex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფაბრის ლეგერიმ.
განახლებული შეთანხმების ფარგლებში, Frontex–მა და საქართველომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ როგორც არალეგალურ მიგრაციასთან, ასევე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებას, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებას საზღვრის მართვისა და დაბრუნების სფეროებში.