ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ იენს სტოლტენბერგს მანდატი გაუხანგრძლივა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა მიაწოდა.

კერძოდ, NATO-ს მოკავშირეები სამშაბათს (2023 წლის 4 ივლისს) გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილებას სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ.

მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელმაც „გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შესანარჩუნებლად უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.“


„ჩემთვის პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გაგრძელდეს ჩემი, როგორც გენერალური მდივნის უფლებამოსილება. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა უზრუნველყო ჩვენი თავისუფლება და უსაფრთხოება თითქმის სამოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში და უფრო სახიფათო სამყაროში ჩვენი დიდი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.