NATO-ს ალიანსი რუსეთის კამპანიის საპასუხოდ, თავის სტრატეგიას ცვლის, ახალ ტერიტორიებსა და მათ ინფრასტრუქტურაზე წვდომა, მოკავშირეებს მოსკოვის შეკავების გზებს და უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის. ამ შინაარსის სტატიას Reuters-ი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს და ფინეთის გაწევრიანების შედეგებს განიხილავს.
„ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რკინიგზის მოდერნიზაცია შვედეთის საზღვარზე, ტორნიოს ტერიტორიაზე. სამუშაო მომავალ წელს უნდა დასრულდეს, რაც ატლანტიკური რეგიონიდან მოკავშირეთა შეიარაღებულ ძალებს გაუადვილებს იარაღისა და აღჭურვილობის გადაცემას კემიარვიშის (ფინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი) ბაზისთვის. აღნიშნული ობიექტი მდებარეობს რუსეთთან საზღვრიდან ერთი საათის სავალზე და მურმანსკიდან შვიდი საათის სავალზე, რომელიც რუსეთის ბირთვულ ბასტიონს წარმოადგენს, - წერს Reuters-ი.
სტატიის თანახმად, იმ ძალებს, რომლებიც კოლის ნახევარკუნძულის რეგიონშია განთავსებული, მოიცავს რუსეთის ჩრდილოეთი ფლოტი, 27 წყალქვეშა ნავით, 40-ზე მეტი სამხედრო ხომალდით, დაახლოებით, 80 საბრძოლო თვითმფრინავითა და ბირთვული ქობინისა და რაკეტების მარაგით. ეს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (FIIA) მონაცემებია.
NATO-სთან კონფლიქტის შემთხვევაში, ჩრდილოეთის ფლოტის მთავარი ამოცანად დარჩება ბარენცის ზღვის კონტროლი და ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტვირთის მიწოდების თავიდან აცილება გრენლანდიის, ისლანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმდებარე წყლების გავლით.
Reuters-ი წერს, რომ ამ მიმართულებაზე ფინეთს შეუძლია, NATO-ს მოკავშირეებს სერიოზული დახმარება გაუწიოს და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
მანამდე, როგორც მედია იტყობინებოდა, 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, NATO-ფინეთის ერთობლივ წვრთნას - „ჩრდილოეთის ტყე," 6500 ფინელ ჯარისკაცთან და ოფიცერთან ერთად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ნორვეგიის და ასევე შვედეთის 1000-მდე სამხედრო შეუერთდა.
მოკავშირეების ერთობლივი საარტილერიო წვრთნები ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვრიდან ორი საათის სავალზე მიმდინარეობდა.
ფინეთი ალიანსს ოფიციალურად მიმდინარე წლის 4 აპრილს შეუერთდა. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსში NATO-ს ივლისის სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი შვედეთის ალიანსში მიღების საკითხის განხილვა იქნება.