იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, „მსაჯვრდებულ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და საჭირო რაოდენობისა და სახეობის საკვები მიიღოს“.

ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული საკმაოდ ხანგრძლივი თვითდაზიანება, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამით სასჯელის გადავადებას, ან გათავისუფლებას, თუმცა საზოგადოებამ იხილა, რომ ტყუილზე დაფუძნებული მოკლე ნაბიჯები ძალიან სწრაფად დასრულდა. მოგახსენებთ, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი ახლაც სრულად არ ემორჩილება მკურნალობის კურსს და არ იღებს ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვებს.

მჯსავრდებულის გამოჯანმრთელებით გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს და თავად მსჯავრდებულსაც მოვუწოდებთ, რომ ჩანასახშივე განწირული მანიპულაციების ნაცვლად, ექიმების რეკომენდაციები შეასრულოს და მიიღოს იმ რაოდენობის და იმ სახეობის საკვები, რასაც ექიმები ეუბნებიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება, იუსტიციის მინისტრმა ამ საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, როცა ექიმებისგან რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ისევე როგორც სხვა ბევრი პატიმარი, ის ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ შესულა. ყოფილა თუ არა უკრაინის სხვა მოქალაქეების ექსტრადირების ფაქტი, მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა.

"ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ჩვენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა გვაქვს საკმაოდ კარგად აწყობილი მრავალ სახელმწიფოსთან და შესაძლებელია, ყოფილა კიდეც ექსტრადირება. ვერ ვიხსენებ, ვერ გეტყვით ამის შესახებ," - გამაცხადა ბრეგაძემ.


იუსტიციის მინისტრმა ზელენსკის განცხადებას მიუღებელი უწოდა.

„ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ სახელმწიფოს აქვს ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ, რომ ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად, ბოლო წუთამდე იმყოფებოდნენ კიევში იმ დროსაც, როცა კიევი იბომბებოდა და ეს ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თანახმად, „თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით, პენიტენციურ დაწესებულებებში, აქ ლიდერი ნამდვილად არის საქართველო.“

„ძალიან საინტერესო იქნება, რას ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რა არის წამება. ის, რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, გამუდმებით მოვუწოდებთ იმას, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა და საკვები. ეს არის წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი გვყავდა,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.