გარემოს დაცვის კომიტეტი: თბილისის გარდა, შესაძლოა სხვა ქალაქებიც გამწვანების გარეშე დარჩეს

"ბევრს ვერ წარმოედგინა თბილისი გამწვანების გარეშე, მაგრამ მწვავე სიტუაციაა და შეიძლება მალე სხვა დიდი ქალაქებიც დარჩეს გამწვანების გარეშე", - ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ტყის კოდექსის განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, დროა ტყის კოდექსი სრულად აამოქმედონ ტყეზე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, ტყის კოდექსი სრულიად ახლებურად აყალიბებს იმ პრინციპებს, რომელსაც ქვეყანა სამომავლოდ უნდა მიყვეს იმისთვის, რომ ტყეზე ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს და ქვეყანა გადავიდეს ტყის მდგრადი მართვის იმ პრინციპებზე, რომლებიც დანერგილია მთელ განვითარებულ მსოფლიოში.

„ტყის კოდექსის მიღება ნამდვილად ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ქვეყანა ამისკენ მიდიოდა წლების განმავლობაში, თუმცა მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მოხერხდა კოდექსის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი დამტკიცებულია, მისი სრულფასოვნად ამოქმედება დაკავშირებულია კანონქვემდებარე აქტების მიღებასთან და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველ პრინციპი, რომლებიც განსაზღვრულია ტყის კოდექსით, ამოქმედდეს. სამწუხაროდ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც რამდენიმე თვის წინათ უნდა მიღებული ყოფილიყო, დღემდე მიღებული არ გვაქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბითაძის თქმით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისათვის, კომიტეტი მზადაა, შექმნას სამუშაო ჯგუფი მაჟორიტარებისა და ექსპერტების ჩართულობით. კომიტეტი უახლოეს ხანში ასევე შექმნის სამუშაო ჯგუფს ტყის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, ასევე იმ საკითხების ადრეულ ეტაპზე გადაწყვეტაში, რომლებიც კომიტეტის სხდომაზე დაისმება.