პროკურატურაში ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე, 21 მარტს კომპლექსური, მათ შორის სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა და გამოსაკვლევად ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალები გადაიგზავნა.
„ბიოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ჩასატარებლად ექსპერტის მიერ შესაბამისი წესით დალუქული ფუთები გაიხსნა, რომლებშიც მოთავსებული იყო ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული ნაცხის ნიმუში და ანაწმენდები. ფუთების გახსნისას აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია“, - აცხადებენ პროკურატურაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ განცხადებით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს საქმეზე საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.
ორგანიზაცია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის [ცრუ ინფორმაცია, ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი] საფუძველზე.
ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.