რუსული არმია ISIS-ის, ალ-შაბააბის და თალიბანის გვერდით იკავებს ადგილს - გაეროში უკრაინის წარმომადგენელი

გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთი უკრაინელი ბავშვების გატაცებაში დაადანაშაულა. სერგეი კისილიცამ განაცხადა, რომ კიევს საკმარისი საფუძველი აქვს იმის დასაჯებლად, რომ რუსეთმა უკანონოდ მოახდინა რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია.

„რუსული არმია უდავოდ იკავებს ადგილს ყველაზე საზარელი კრიმინალების, ISIS-ის, თალიბანის და სხვების გვერდით, იმ საშინელი დანაშაულების გათვალისწინებით, რაც მათ ჩაიდინეს და კვლავ აგრძელებენ ყოველდღიურად მათ ჩადენას უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა.

კისლიცამ მოუწოდა გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, დაჟინებით მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

„ეს მოიცავს უკრაინაში ბავშვთა უფლებების ყველა სერიოზული დარღვევის დასრულებას და რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დროული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფას.“


უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის მოხსენებაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების მასობრივ გატაცებას.

რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთში 700 000-ზე მეტი ბავშვია „ჩასახლებული“. უკრაინას აქვს მყარი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსეთის ფედერაციამ იძულებით და უკანონოდ მოახდინა რამდენიმე ასეული ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია,“ - აღნიშნა დიპლომატმა.


გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა.

Reuters-ის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ანგარიშის ავტორია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სპეციალური წარმომადგენელი ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში ვირჯინია გამბა. ის გასულ თვეში უკრაინასა და რუსეთს ეწვია.

ვირჯინია გამბა რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველს, მარია ლვოვა-ბელოვას შეხვდა, რომლის მიმართაც ჰააგის სასამართლომ, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა.

უკრაინის მთავრობის პორტალის, Children of War-ის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, 2023 წლის ივნისის მონაცემებით 490 ბავშვი დაიღუპა და 1028 დაშავდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებული ბავშვების რაოდენობა 1048-მდე გაიზარდა.