„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს პროკურატურა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებას ედავება

სახელმწიფო ბრალდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ოქმის წაკითხვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილს 2017 წელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.


ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებულს, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალდება წარუდგინა. საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე.

კერძოდ, საგამოძიებო უწყების ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

„ბრალდებულმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.


განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ 6 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში.