შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო
შსს-ს თანახმად, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
რადიო თავისუფლების ცნობით, 6 ივლისს საგარეჯოში „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პირები, რომლებიც თავს, დავით გარეჯის მცველებს“ უწოდებდნენ.
ისინი ისროდნენ ქვებს და წყლით სავსე ბოთლებს. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ტელეოპერატორების მიმართ და მათგან გადაღების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მომხდარის დროული გამოიძიებისკენ მოუწოდა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
6 ივლისს საგარეჯოში მომხდარი ფიზიკური ძალადობის დროს დაზიანება მიიღო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ციციშვილმაც.
ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ის პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ინციდენტის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ.
„ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული "ტიტუშკები". საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, ის იყო ორგანიზატორი ამ ქვების სროლის. ასევე საგარეჯოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ვანო ბეჟიაშვილი.იქ იყო ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე, ახალგაზრდა რუსი „პუტინისტი“, ღარიბაშვილის და კობახიძის გაგრძელება. ირაკლი რუაძე, საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს არის ის 4 ადამიანი, რომელთა იდენტიფიცირებაც 40 წუთში მოვახერხეთ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის სხვა წარმომადგენლები საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან პენსიონერების საბანკო სესხებთან დაკავშირებულ საკითხზე სასაუბროდ იყვნენ ჩასული.
ინციდენტის შემდეგ ხაბეიშვილმა პენსიონერებთან შეხვედრა ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაპირისპირება 30 ივნისს, კასპშიც მოხდა.