ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინის მითვისებაში ბრალდებულ ბაჩიაშვილს 2.5-მილიონიანი გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა გირაოს სახით სამი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.

გირაოს შეტანის ვადად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 30 დღე განსაზღვრა. ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს გამოძიების დასრულებამდე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ბრალდების მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე.

ამასთან, ბაჩიაშვილს მისი კუთვნილი (საქართველოს და რუსეთის ფედერაციის) პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.


გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

სასამართლოს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.


საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.