კომენდანტის საათის დროს, "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ აქციაზე, დაპირსიპირების შედეგად, პოლიციამ ორი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.
დაკავების პროცესში, მოქალაქეები შენობაზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაკავებული აქტივისტები ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე არიან.
"ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დღეს ღამით ე.წ. კომენდანტის საათის დროს "ქართული ოცნების" ოფისთან ბანერები მიიტანეს წარწერით - "სისტემა კლავს!"
დაპირისპირების დროს, აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.