საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი, უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა.“
„საქართველოს პარლამენტი, წლებია, აქტიურად თანამშრომლობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ვაფასებთ ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც დღევანდელ გამოწვევებით სავსე დროებაში მეტად მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის შეხსენება ბევრის გაკვირვებას იწვევდა და ზედმეტ აქტიურობად ითვლებოდა.
თუმცა, ჯერ 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ახლა კი უკრაინაში შეჭრით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორი სახელმწიფოების შეკავება. მოხარულები ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოება, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთიანია საქართველოს, უკრაინის და სხვა მსგავსი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერაში.
თავის მხრივ, საქართველო პატივს სცემს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრინციპებს და ღირებულებებს, თანამშრომლობასა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს. ეს არის ის ფუნდამენტი, რაც ჩვენს ქვეყანას აბრუნებს მის ევროპულ საფუძვლებთან. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს. ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენი თაობის ვალი და მთავარი საზრუნავი ამ დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა, რათა ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ჰქონდეთ მსოფლიო მასშტაბით დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს სახელით ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.