პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ელჩის მიერ უკრაინის დატოვების თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „წინააღმდეგობის გზა აირჩია“.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა კაპრიზებს არ ეფუძნება და კაპრიზია, „როდესაც სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულებაა - მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავეა და მისამიმართით მოპყრობა სათანადოა, მაინც ხდება ყალბი მიზეზით გადაყვანის მოთხოვნა. საქართველო პირნათელია უკრაინის წინაშე“.
„ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი უკრაინელი დების და ძმების წინაშე. ეს არის ის მეგობრობა, რომელსაც საქართველო ყოველთვის აჩვენებდა უკრაინას, განსაკუთრებით ამ მძიმე წუთებში, რომელიც უკრაინას აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა სხვა გზა აირჩია - არა მეგობრობის, დაფასების და მეგობრობის ჩვენების გზა, არამედ გზა გარკვეული წინააღმდეგობის - ერთ ადამიანებზე კიდებენ ერების ურთიერთობას თავისი გადმოსახედიდან, ეს სამწუხაროა და უპირველესად უკრაინის ხელისუფლებას არ წაადგება. გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, თავად უკრაინისთვისაა დამაზიანებელი. ვინაიდან პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაშივე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უკრაინას რუსეთთან არა მხოლოდ სამხედრო ომი აქვს მოსაგები, არამედ სამართლებრივი, სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში.
უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დააზიანებს თავად უკრაინის ხელისუფლების დამაჯერებლობას. ეს საზიანოა მათთვის. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება, როგორც აქამდე ვუჭერდით მხარს, ისე დავუჭერთ. ახალი არ არის დამოკიდებულება, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა. დღემდე შეფარებული ჰყავთ კრიმინალები ადეიშვილის და ლორთქიფანიძის სახით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ომი რომ დასრულდება, „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან მკაფიო საუბარი ექნება“.
„უკრაინის ხელისუფლებაა ის, ვინც არასწორად იქცევა. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოდან გაიწვია ელჩი მაშინ, როდესაც ბელორუსშიც კი ჰყავდა ელჩი დატოვებული. უკრაინის ხელისუფლებაა ის, რომელმაც საქართველოს ელჩი ფაქტობრივად, გამოაძევა უკრაინიდან. ელჩი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც კიევში დარჩა, არ შეუშინდა რუსულ ბომბებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა.
„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში.
3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა.
მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“
უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან.
უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას.
5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“