ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე: გამოძიება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ, რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.

ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან.

„ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი.

ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.


პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა.

„ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.