გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მისივე თანახმად, ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის.
„საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას.
პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერია ინფორმაციაში.
ვიზიტის პროგრამაში არის ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული „ადმინისტრაციული ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) მონახულება.
„გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტი NATO-ს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვევა, რომელიც ვილნიუში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.