სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა გზავნილს მიიღებს საქართველო NATO-ს სამიტიდან

ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთმა საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან.