შსს-მ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წერს.
გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - აცხადებენ შსს-ში.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის 7 ივლისის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა „საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.
პატრიარქის ექიმის თქმით, მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ქართულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“. მან სისხლძი მძიმე მეტალების აღმოჩენა დაადასტურა.
„ამის მიზეზი შეიძლება, იყოს სხვადასხვა, როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე, შეიძლება იყოს ჩარევით. გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 6 ივლისს.