უკრაინა იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც სტამბოლში გაიმართა. ამის შესახებ CNN წერს.
უკრაინა ”უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას”, - განაცხადა ერდოღანმა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა.
ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. უკრაინა იმედოვნებს, რომ მიიღებს "მკაფიო სიგნალს" მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „შავი ზღვა უსაფრთხოების ზონა უნდა იყოს და არა - ე.წ. გაყინული კონფლიქტების“.
პრეზიდენტი ზელენსკი თურქეთში ჩასვლამდე ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.
NATO-ს ღია კარის პოლიტიკა აქვს, თუმცა გაწევრიანების წესების მიხედვით, ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შეუძლია, ვეტო დაადოს ახალი ქვეყნის მიღებას.
სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტზე კიევისთვის „3-ნაწილიანი, „ძლიერი“ პაკეტის გადაცემა დააანონსა.
7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას გააძლიერებს.
NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.
„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.