„შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ. მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო.
მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით როდესაც გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი - „ამ რისკებზე ვსაუბრობდით, მაგრამ კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო,“ - ამბობს დარახველიძე.
მისივე ინფორმაციით, პოლიცია შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს ახორციელებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს.
„დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყვნენ შესაბამისი დანაყოფები - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა. შესაბამისი კორდონები გვქონდა გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და პოლიციის კორდონები გაერღვიათ.
მოვახერხეთ ის, რომ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ. ახლა პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და კონკრეტულ პირებზე თავდასხმა არ იყოს,“- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „პრაიდკვირეულის“ ფარგლებში 8 ივლისს დაგეგმილი ფესტივალის ჩაშლა იყო „წინასწარ კოორდინირებული“ პოლიციასა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის.
„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ დღეს დაგეგმილი მოვლენები იყო წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“, - წერს „პრაიდი“ Facebook-ზე.
დღეს, 8 ივლისს, „პრაიდის ფესტივალი“, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე შეღწევა მოახერხეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.