გერმანია, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონებიდან და ავსტრიის ტიროლიდან მგზავრების შემოსვლას აკრძალავს, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან შეთანხმებულია და შეზღუდვები კვირიდან ამოქმედდება.
”ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გამოცემის ცნობით, მერკელის მთავრობას განსაკუთრებულად აშფოთებს ის ფაქტი, რომ ტიროლში გავრცელებულია კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტი და ჩეხეთში კი - ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი.
გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.