ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის, პოლ გობლის შეფასებით, ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, პერსპექტივაში წევრებისთვის და მათთვის, ვისი ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე, ვილნიუსის სამიტი გარდამტეხი იქნება.
Europetime-თან საუბარში პოლ გობლი ხაზს უსვამს, რომ ამჟამინდელმა წევრებმა სერიოზულად უნდა განიხილონ თავიანთი ორგანიზაციის მიზნები და იმუშაონ მის გაფართოებაზე, რაც უნდა მოიცავდეს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ და შეუძლიათ, სწრაფად დააკმაყოფილონ ნებისმიერი გონივრული პირობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენლისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის შეფასებით, განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ თავიანთი ვალდებულება ალიანსის სრულფასოვანი წევრობისადმი და რეგიონში კი უნდა იცოდნენ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე.
„ვილნიუსის სამიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ალიანსის ამჟამინდელი წევრებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ისწრაფვიან წევრობისკენ და სხვებისთვისაც, რომელთა ბედიც დამოკიდებულია ალიანსის სიძლიერეზე. ამჟამინდელი წევრები სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ კლასიფიცირებას, გადადგან ნაბიჯები მისი გაფართოებისკენ ისეთი ქვეყნების ჩათვლით, როგორებიც არიან, საქართველო და უკრაინა, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, ნებისმიერი გონივრული მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილება.
მსურველებმა უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან, იყვნენ ალიანსის სრულუფლებიანი წევრები. რეგიონში კი უნდა ესმოდეთ, რომ მათი მომავალი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ვინც უკვე გაწევრიანებულია ალიანსში ან განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე“, - განუცხადა გობლმა Europetime-ს.
შეგახსენებთ, ვილნიუსის სამიტის წინ, აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ვილნიუსის სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, საქართველოს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი.
„სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, 7 ივლისს განაცხადა.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.