სტოლტენბერგი: შვედეთის წევრობა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში

„თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში“, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის თანახმად, ერდოღანმა NATO-ში შვედეთის წევრობას, ევროკავშირში თურქეთის შესვლა დაუკავშირა.


ერდოღანმა ერთგვარი პირობა წამოაყენა, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების სანაცვლოდ, ის მზადაა, შვედეთის გზას NATO-სკენ, გზა გაუხსნას.

„მე მხარს ვუჭერ თურქეთის სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაზეც მადრიდში შევთანხმდით, იყო პირობების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც შვედეთმა უნდა დააკმაყოფილოს ალიანსში გასაწევრიანებლად.

შვედეთმა დააკმაყოფილა ეს პირობები და ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას. ეს მოხდა. შემდეგ საუბარია თურქეთსა და შვედეთს შორის ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ესეც ხორციელდება.

შვედეთმა ასევე შეცვალა კონსტიტუცია და გააძლიერა კონტრტერორისტული კანონები და შვედეთი თვალყურს ადევნებს თურქეთის უსაფრთხოების ლეგიტიმურ შეშფოთებას. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიდგეთ ტერორიზმთან ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმოფხვრათ ყველა მოკავშირის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ, რომლებსაც სურთ, შვედეთი ნახონ ალიანსში რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს NATO-ს და გააძლიერებს ჩვენს უნარს, დავიცვათ ბალტიისპირეთის რეგიონი. თუ უბრალოდ დააკვირდებით რუკას, შვედეთის სრულუფლებიან წევრად ყოფნა, ფინეთის გარდა, ნამდვილად ცვლის გეოგრაფიას, NATO-ს ყოფნას ამ რეგიონში.


ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შვედეთი რაც შეიძლება მალე გახდეს წევრი. ჯერ კიდევ შესაძლებელია შვედეთის წევრობის შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილება აქ, ვილნიუსში.

არანაირი გარანტია არ გვაქვს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გვაქვს სამიტის იმპულსი აქ ლიდერებთან და ჩვენ გამოვიყენებთ ამ იმპულსს, რაც შეიძლება მეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

11-12 ივლისს, ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართება.