ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს რეფორმები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას ბევრ სფეროში აქვს პარტნიორული ურთიერთობა.

„ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა.

ბერბელ ბასი ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება.

„რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.


ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.