სტოლტენბერგის თქმით, ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი თანახმაა მხარი დაუჭიროს შვედეთის წინადადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამმხრივი შეხვედრა ვილნიუსში გაიმართა. 

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ვმასპინძლობდი, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერს შორის, პრეზიდენტი ერდოღანი დაეთანხმა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. ეს არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც NATO-ს ყველა მოკავშირეს უფრო ძლიერს და დაცულს ხდის“, - წერს თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.


NATO-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შვედეთი და თურქეთი დღეს შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა, როგორც სამმხრივი მუდმივი ერთობლივი მექანიზმის ფარგლებში, რომელიც მადრიდის სამიტზე შეიქმნა, ასევე, უსაფრთხოების ახალი ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად, მინისტრთა დონეზე შეიკრიბება.