სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. ინფრომაციას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს ამზადებდნენ.
„გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს “მე-4 სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო.