განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, მხოლოდ მშობლის მიმართვის საფუძველზე, პირბადის ტარებისგან გათავისუფლდებიან.
“თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, - განაცხადა დგებუაძემ.
მისი თქმით, რეკომენდაცია სკოლებს უკვე გადაეგზავნა.
ცნობისთვის, 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება.
გარდა ამისა, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლებმა სკოლაში ყოფნის პერიოდში პირბადეები უნდა ატარონ.