აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეხვდა. სტოლტენბერგმა ბაიდენს ძლიერი ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა, რამაც მისი შეფასებით, ალიანსი კიდევ უფრო გააერთიანა გააძლიერა.
„სამიტი უკრაინას გაუგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ „ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ იმდენ ხანს, რამდენის საჭირო იქნება. სამიტის კიდევ ერთი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ „ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ჩვენს თავდაცვაში და ჩვენ შევთანხმდებით თავდაცვითი ინვესტიციების ახალ პირობაზე,“ - განაცხადა სტოლტენნერგმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან კომენტარის დროს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტად დაისახა მსოფლიო ასპარეზზე ამერიკის ლიდერობის აღდგენა და „ჩვენი ალიანსების აღორძინება მათ შორის, NATO-ს გაძლიერებით“.
„ნაწილობრივ მისი ლიდერობით, NATO ახლა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ის იყო ათწლეულების განმავლობაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოუთმენლად ელის ამ ერთიანობის გამოვლენას ივლისში, ვილნიუსის სამიტზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვილნიუსის შეხვედრებს წინ უძღვის ალიანსის გენმდივნის მიერ გამოცხადებული შეთანხმება, რომ თურქეთის მიღებას შვედეთი საბოლოოდ დაეთანხმა.
ასევე მიღებულია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უკრიანას წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანებას შესთავაზებენ.
მანამდე, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაწევრიანების გზაზე წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ დასჭირდება. მოგვიანებით, NATO-ს გენმდივანმა დააზუსტა, რომ დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, MAP-ის საკითხზე კი, კონსულტაციები ისევ გრძელდება.
NATO-ს გენერალური მდივნისა და უკრაინის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია 12 ივლისს, ორმხრივი შეხვედრის შემდეგ არის დაგეგმილი.
რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან 500 დღის შემდეგ, უკრაინის სურვილია, მოკავშირეებმა კიევი ვილნიუსის სამიტზე NATO-ში ოფიციალურად მიიწვიონ. ვილნიუსის სამიტის წინ, კიევი აქტიურად ცდილობს დამატებითი მხარდაჭერის მობილიზებას უკრაინის წევრობისთვის. სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტები და ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად დეკლარაციაზე ხელმოწერები ამას ადასტურებს.
ახლა კი, უკრაინა იმედოვნებს, რომ მოკავშირეებისგან მისი წევრობის პერსპექტივების შესახებ "მკაფიო სიგნალს" უკვე ვილნიუსში მიიღებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შანსები არ არსებობს, მაგრამ მაინც დაჟინებით მოითხოვს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის „ძლიერ გზავნილს.“ უსაფრთხოების გარანტიების მიღება კიევისთვის კიდევ ერთი უმთავრესი კომპონენტია.
უფრო ვრცლად წაიკითხეთ:
- რას ელის კიევი NATO-ს სამიტისგან და რას ჰპირდებიან მას მოკავშირეები
- რომელმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დეკლარაციაზე ხელმოწერით
„NATO ამჟამად ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე დგას ცივი ომის შემდეგ. ივლისში NATO-ს ლიდერები შეიკრიბებიან ალიანსისთვის ყველაზე მწვავე გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისა და უკრაინის ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით“, - აღნიშნულია სამიტის დღის წესრიგში.
NATO-ს ორდღიანი სამიტი ვილნიუსში დღეს გაიხსნა.