F-16-ების კოალიცია 11 ქვეყნის მონაწილეობით ოფიციალურად დაფუძნდა

უკრაინა უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გამოყენებაში გასაწვრთნელა, 11 ქვეყანასთან ერთად, კოალიციას ქმნის. 

„შეიქმნა საერთაშორისო კოალიცია, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე გაწვრთნის, განაცხადა 11 ივლისს თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა.


ვილნიუსის სამიტის ფარგლებში რეზნიკოვმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც კოალიციის 11 წევრთან ერთად წვრთნების პირობებია გაწერილი.

ეს ქვეყნებია: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო.

„განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიისა და ნიდერლანდების გამოჩენილი ლიდერობისთვის ამ პროცესში“, - განაცხადა რეზნიკოვმა უკრაინული მედიის ცნობით.


რეზნიკოვის თქმით, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავები, ტექნიკოსები და დამხმარე პერსონალი, პროგრამა შესაძლოა, სხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებსაც მოიცავდეს. კოალიციის შექმნაზე მოკავშირეები მაისში შეთანხმდნენ. 

უკრაინამ საბჭოთა ეპოქის MiG-29-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან მიიღო, მაგრამ უფრო მოწინავე თვითმფრინავების შეძენას ითხოვს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ რუსეთისგან ტერიტორიის გასათავისუფლებლად სულ მცირე 48 F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში წვრთნას აგვისტოში, დანიაში დაიწყებენ. პარალელურად, სწავლება გაიმართება რუმინეთშიც, სადაც ამ მიზნით სპეციალური საწვრთნელი ცენტრი მოეწყობა.