კობახიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის სტატუს-კვო ძალაში დარჩა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, „საქართველოს მისწრაფება NATO-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.“

ირაკლი კობახიძის თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

„საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები.

ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის საკითხზე შენარჩუნდა სტატუს-კვო, რაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთის მიმართ NATO-ს პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, NATO-ში გასაწევრიანებლად, უკრაინას აღარ დასჭირდება MAP-ი, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის, კობახიძეს მიაჩნია, რომ უკრაინის შესახებ საქართველოსთან შედარებით მეტი ტექსტია, თუმცა ხარისხობრივად განსხვავება არ არის.