თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ხაინდრავამ, გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გამართული შეხვედრისას მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „Ottobock SE & Co. KgaA“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმიურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.