ჯანმოს რეგიონული დირექტორი: ვაქცინებით უფრო სწრაფად დავამარცხებთ პანდემიას, თუ მათზე წვდომა ყველა ქვეყანას ექნება

ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ვაქცინების ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინების მიწოდებაზე ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთად იმუშავებენ.

კოპენჰაგენის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ პროგრამა, რომლის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია, მოიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსს, უკრაინასა და მოლდოვას.

მისივე თქმით, პროგრამის ძირითადი მიმართულებებია ვაქცინაციისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, საინფორმაციო კამპანიები, მომარაგება და მედიცინის მუშაკების მომზადება. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა დაემატება ევროკავშირში ვაქცინების გაცვლისა და კოვაქსის ფონდის არსებულ პროგრამებს.

„პროგრამა მიზნად ისახავს ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მთელ ევროპაში. ვაქცინები საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ პანდემიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე წვდომა ყველა ქვეყანას შეეძლება, მიუხედავად შემოსავლების დონისა“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.