შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც ამ საქმის ფარგლებში მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიძიებთ. მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს ამ საკითხს. მე წინასწარ კონკრეტული დეტალების გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. როცა იქნება რაიმე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, საზოგადოებას ეცოდინება ამის შესახებ იმიტომ, რომ ინტერესი ძალიან დიდია", - განაცხადა დარახველიძემ IPN-ის ცნობით.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.