დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია სამი პრიორიტეტული საკითხის განხილვას გეგმავს - კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, NATO-ში უკრაინის მოწვევა და უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მთელი გაგებით ეკიდება პარტნიორების პოზიციას და აცნობიერებს, რომ NATO-ში მოწვევა უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.
„პირველი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში - უკრაინის ჯარისთვის შეიარაღების ახალი პაკეტების მიღება, მეორე - NATO-ში მოწვევა და მესამე, რაზეც ვისაუბრებთ და ვიბრძოლებთ - NATO-ს გზაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა იქნება.
ჩვენ გვსურს ყველასთან ერთ მხარეს ვიყოთ, გაგებით ვეკიდებით პარტნიორების პოზიციას და ვაცნობიერებთ, რომ NATO-ში მოწვევას მივიღებთ იმის შემდეგ, რაც ამის საშუალებას უსაფრთხოების ზომები მისცემს. პარტნიორებთან ყველა ეს საკითხი მინდა განვიხილო“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.
კულებას განმარტებით, უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს
მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“