რას ითვალისწინებს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უკრაინა „დიდი შვიდეულისგან“ მიიღებს

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ვილნიუსში NATO-უკრაინის საბჭოს ისტორიული შეხვედრა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ უკრაინისათვის "დიდი შვიდეულის" ქვეყნების გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

დოკუმენტი ბრიტანეთის ინიციატივით შემუშავდა.

„დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.

„დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ“, - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ცნობით.


„დიდი შვიდეულის" მხრიდან უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მნიშვნელოვანი უწოდა.

„ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს არა NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, არამედ, ალიანსში გაწევრიანების პარალელურად“, - აღნიშნა ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 

კონკრეტულად კი, დოკუმენტი ითვალისწინებს უფრო დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემების სწრაფ გაცვლას, ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, უკრაინელი სამხედროების მოსამზადებელი პროგრამების კიდევ უფრო გაფართოებას და უკრაინის საწარმოო პოტენციალის გაძლიერებას.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისტორიული უწოდა NATO-უკრაინის თანამშრომლობის ახალი ფორმატის - NATO-უკრაინის საბჭოს ამოქმედებას.

„საბჭო შეიკრიბება უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე და მისი მუშაობის ბლოკირებას ალიანსის ვერცერთი ქვეყანა ვეღარ შეძლებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უნგრეთის მიერ წარსულში უკრაინა-NATO-ს კომისიის მოწვევის ბლოკირება.