ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დარსალიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა.
„დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას.
ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც. რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული.
ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს გააჩნია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს დადგენილია საერთაშორისო სასამართლოებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ნებისმიერი საერთაშორისო პროცესით, რეზოლუციებით და მათ შორის თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმებითაც, რომ საქმე გვაქვს ქართულ-რუსულ კონფლიქტთან, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, „დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებთან.“
ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც უკრაინაში ომია.
„ჟენევის მოლაპარაკებები არის უნიკალური ფორმატი. ჩვენ ბევრი ასეთი ფორმატი არ გვაქვს ასეთ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. ჩვენ, ევროკავშირში, გვჯერა, რომ ეს ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. ამ ხედვას იზიარებს ყველა თანათავმჯდომარე და მონაწილე. ჟენევაში სწორედ ამ გაგებით ჩამოვდივართ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები.
მჯერა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ის ფაქტია, რომ გვაქვს ეს დისკუსიები, რომელიც რეგულარულად იმართება, რაც გვაძლევს საშუალებას, გავცვალოთ პოზიციები და შეხედულებები, შევაფასოთ სიტუაცია. გარდამტეხი შედეგების მოლოდინი ამ ეტაპისთვის ალბათ სწორი მიზანი არ იქნება, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ აქ ვართ და შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).