აშშ რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ამის შესახებ ჟენევაში აშშ-ის მისიამ ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა.
მისივე თანახმად, შეერთებული შტატების დელეგაცია, კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში უფროსი მრჩევლის, ლუი ბონოს ხელმძღვანელობით, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით დიალოგს მიესალმა.
განცხადების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება - ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების/შეთანხმებების შექმნა.
აშშ-ის შეფასებით, რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალის არგამოუყენებლობის შესახებ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.
„რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელსაც საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევით ჰყავს თავისი ძალები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
შეერთებული შტატები წუხილს გამოხატავს, რომ რუსეთის მონაწილეებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, ასევე, წყლისა და გაზის საკითხები სრულად ვერ განიხილეს.
ამასთან, შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმდინარე მექანიზმს (IPRM), რომელიც „დაძაბულობას მუხტავს და აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს ადგილობრივ დონეზე,“ შეერთებული შტატები ასევე „იმედოვნებს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას.“
შეერთებული შტატები ასევე „ხაზს უსვამს საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონთან „ადმინისტრაციული საზღვრის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას და მათი სრული გახსნის მოწოდებით გამოდის, რაც აშშ-ის შეფასებით, დადებითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ თემებზე.
ქართული მხარის განცხადებით, რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა. დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.
მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).