ოსტინი: ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ომის შემდეგ NATO-ს შეუერთდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ NATO-ს შეუერთდება.

„გავიგონეთ, რომ დარბაზში მყოფმა ყველა ქვეყანამ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნა ოსტინმა CNN-თან ინტერვიუში ვილნიუსის სამიტის შესახებ საუბრისას.

ოსტინის თქმით, უკრაინის აღჭურვილობისა და წვრთნების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოებისთვის ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ამ საქმეს, როდესაც ისინი ომში არიან, გასაკეთებელი კიდევ მეტია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ მათ ჰქონდეთ სრული შესაძლებლობები“, - აღნიშნა ოსტინმა.


ოსტინის განცხადებით, პუტინმა უკრაინაში ქმედებებით NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, შვედეთისთვის გაწევრიანებაზე თანხმობის მიცემა იმ ბევრ დიდ საქმეს შორისაა, რასაც ლიეტუვაში გამართულ ალიანსის სამიტზე მიაღწიეს.

„დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე“, - აღნიშნა ოსტინმა.

ვილნიუსის სამიტის კომუნიკეას თანახმად, უკრაინას „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება. ამავე სამიტის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ თურქეთი შვედეთის გაწევრიანებას დაეთანხმა და ის მალე ალიანსის წევრი გახდება.