უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ვილნიუსში NATO-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა NATO-ში იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა NATO-ს. იქნება! ადრე არასდროს არ თქმულა NATO-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები: "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწორი. და ამ ფაქტს აუცილებლად დავადასტურებთ ჩვენი გამარჯვებით და NATO-ში შესვლით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს ახლა არ აქვს შესაძლებლობა, ქვეყნებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები წაუყენოს.
„ოდესღაც რუსეთის ბატონებს ძალიან სურდათ NATO-ს კართან საკუთარი ბარიერი ჰქონოდათ. ჩვენ დავტოვეთ ეს რუსული ამბიცია ევროპის ისტორიის ზღურბლზე - ჩვენი ერთიანობის გალავნის მიღმა ევროპაში და, უფრო ფართოდ, თავისუფალ მსოფლიოში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტის შედეგები კარგია, თუმცა ოპტიმალური იქნებოდა, თუ უკრაინას ალიანსში მიიწვევდნენ.
ზელენსკიმ რამდენჯერმე განმარტა, რომ მას ესმის, ომის დროს NATO-ში მიღება გამორიცხულია, თუმცა მკაფიო სიგნალს ითხოვს. სამიტის მეორე დღეს, ზელენსკიმ დაასახელა სამი პრიორიტეტული საკითხი, რომლის განხილვასაც დღეს აპირებდა. ერთ-ერთი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელთან დაკავშირებითაც მიღწეული შეთანხმება მან მნიშვნელოვან გამარჯვებად აღიარა უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
ვილნიუსის სამიტი დასრულდა. სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს.
ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.