კელი დეგნანი სანქციებზე: როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ

„სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ და როგორც კი ვიღებთ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, ვმოქმედებთ,“ - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, როდის დასანქცირდებიან საქართველოს ხელისუფლების წევრები და რატომ არ ასანქცირებს შეერთებული შტატები მათ. ელჩი სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეკითხვებს საელჩოს Facebook გვერდის საშუალებით პასუხობს.

თქვენ ნახეთ სავიზო სანქციები 4 კორუმპირებული მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ბიზნეს დავების მოსაგვარებლად და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დასაცავად.

ასე რომ, როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ეს ხელს უშლის იმას, რაც ასეთი არსებითია ქართველებისთვის მათი სასურველი მიზნის მისაღწევად იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი.

კვლავ გავიმეორებ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, ის ასევე არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, ის არის NATO-ს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ნაწილი, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც მუშავდება საქართველოს მთავრობასა და NATO-ს მიერ ყოველწლიურად. ასე რომ, ეს არის რეფორმები, რომელიც, საქართველოს მთავრობამ იცის, რომ უნდა შესრულდეს.

ბევრ მათგანზე შთამბეჭდავი პროგრესი მიღწეულია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ მეტია და ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ ფაქტია. ამ რეფორმების დასრულებაზე მუშაობა, მეტი პროგრესის მიღწევა საქართველოს ხელშია, საქართველოს მთავრობის ხელშია, ამის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.