დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დაღერღილი ხორბლის იმპორტი დროებით შეიზღუდება.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

„სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.

აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველი ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით. სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება,“ - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.


ამავე სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. „აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი,“ - წერია ინფორმაციაში. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადების საკითხებზე.