გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა იმის შესახებ, თუ როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა

საქართველოში ვაქცინა უახლოეს კვირებში შემოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინა, რომლითაც პირველ რიგში მიზნობრივი ჯგუფები აიცრებიან.

„ყველაფერი იქნება კარგად, საქართველოში იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირეებში და ვაქცინაციის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან იმ ეროვნული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60 % იყოს აცრილი - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკური კუთხით.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად, აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა და ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებთან, მოგეხსენებათ, რომ კოვაქს პლატფორმის წევრები ვართ, ასევე ორმხრივი პირდაპირი ურთიერთობის და მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს პერიოდში საქართველოში იქნება ხარისხიანი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.