პუტინის თქმით, „ვაგნერი" არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობს.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!" - უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“.

„[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.


პუტინმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს სამსახურის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის უშუალო სამხედრო მეთაურის, მეტსახელად „სედოის“ ხელმძღვანელობით და ბევრმა თანხმობის ნიშნად თავიც დააქნია, თუმცა, პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და ამას ვერ ხედავდა, განაცხადა, რომ „ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან."

„ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პუტინმა.

გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა ამ შეხვედრის შესახებ პუტინისთვის შეკითხვის დასმა 13 ივლისს მოსკოვის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში, „მომავალი ტექნოლოგიების ფორუმის“ მონაწილეებთან მისი შეხვედრის შემდე შეძლო.

პრიგოჟინის შეწყვეტილი ამბოხის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბელორუსში იმყოფებოდა, თუმცა ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი რუსეთში დაბრუნდა.


ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი, Wagner Group-ის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი, რომლის ადგილსამყოფელი გაურკვეველია მისი წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სავარაუდოდ, მოსკოვში იმყოფება სულ მცირე პირველი ივლისიდან, იტყობინება ფრანგული გამოცემა Liberation-ი.

მისივე თანახმად, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი „წარუმატებელი აჯანყებისა“ და რუსეთიდან წასვლის შემდეგ მოსკოვში დაბრუნდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა კრემლში, რაც მოგვიანებით, პუტინის სპიკერმა დაადასტურა.