რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელშიც, უწყების განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა.

ხსენებულ საკითხზე კომენტირებისას, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანას.


„ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას," - განაცხადა ბრეგაძემ.


სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაავრცელეს ინციდენტის ამსახველ კადრები.

„საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ნაჩვენები არის მხოლოდ ის კადრები, სადაც ხდება აღნიშნული ქაღალდში გადახვეული ნიმუშის ამოღება და არ არის ნაჩვენები თუ როგორ მალულად იყო ის განთავსებული ექიმის ფეხსაცმელში, უშუალოდ პალატაში," - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.


ამავე პრესკონფერენიიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგარეო უწყებას მიმართა, რომ დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით.

„გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ 3 ივლისის სააკაშვილის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ ექსპრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური.

თუმცა, მოგვიანებით, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა."

ცნობისთვის, პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“ 12 ივლისს იმყოფებოდა.