პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღიასა და სავარძელზე, მეუფე შიო საპასუხოდ ამბობს, რომ „შეიძლება, ეს იყო ქარხნული.“
მისივე განმარტებით, მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება - არა, მიმდინარეობს მოკვლევა”, - განაცხადა მეუფე შიომ.
შეგახსენებთ, რომ ქართული მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს და სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.