საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სავარაუდოდ ნიმუშების მალულად გატანის მცდელობას სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს.
„სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ“, - განუცხადა ღარიბაშვილმა მედიას.
მისივე თქმით, ეს ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და შესაძლოა, მათ სხვა განზრახვა ჰქონოდათ, რასაც დრო აჩვენებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვება მისი კეთილი ნება იყო.
„ჩვენ აღარავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ, ეს იყო ჩვენგან ერთგვარი ჟესტი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.