ჰოლივუდის მსახიობების გაფიცვა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს

მსახიობმა ბრაიან კოქსმა განაცხადა, რომ ჰოლივუდის მსახიობების მიერ ახლახან გამოცხადებული გაფიცვა შეიძლება, წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის მწერალთა გილდიას, რომლის 20 000 წევრიც მაისის შემდეგ გაფიცულია.


ჰოლივუდის მსახიობებმა 14 ივლისიდან გაფიცვა გამოაცხადეს და სცენარისტების პროტესტს შეუერთდნენ.

ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის და ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებულმა პროფკავშირმა (SAG-AFTRA) გაფიცვის გადაწყვეტილება სტუდიებთან და ციფრულ პლატფორმებთან თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. პროფკავშირი 160 ათასამდე ადამიანს აერთიანებს.

გაფიცულები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. გარდა ამისა, მოითხოვენ გარანტიას, რომ მათ შრომას არ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი.

ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.