NATO-საქართველოს ერთობლივ ცენტრში ბრიტანელმა ინსტრუქტორებმა მიზანში სროლის კურსი ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა.

კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში 60 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

„კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. „კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.